ხორხე გარბახოსა - ევროლიგას ნგრევა და ზარალი მოაქვს
ხორხე გარბახოსა - ევროლიგას ნგრევა და ზარალი მოაქვს

ესპანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხორხე გარბახოსამ ევროლიგა საერთაშორისო კალათბურთისთვის დიდი ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა. მისი აზრით, ეს ზიანი მოაქვს იმ ფორმატს, რომელიც ევროლიგამ 2016-17 წლების სეზონიდან მიიღო. ტურნირის ახალი კალენდრის გამო, ეროვნული ნაკრების მატჩებში საუკეთესო კალათბურთელები ვერ იღებენ მონაწილეობას.

„ევროლიგის დამოკიდებულებას საერთოდ კალათბურთთან და კერძოდ, ესპანურ კალათბურთთან მიმართებაში უდიდესი ზიანი, ნგრევა და იმედგაცრუება მოაქვს. ეს ცუდია ჩვენი სპორტის აწმყოსთვის და მომავლისთვის. ევროლიგა ჩვენთვის უდიდესი ზიანის მიმტანია.
როცა ევროლიგა ამბობს, რომ ის ზრუნავს მოთამაშეების ჯანმრთელობაზე, რომლებსაც ბევრი მატჩის ჩატარება უწევთ, მაშინ რატომ ამატებს ტურნირს კიდევ ორი გუნდს, რაც დამატებით ოთხი ზედმეტი ტურის გამართვას ითვალისწინებს?
ეს არის პრობლემა, რომელიც ბევრ გუნდსა და ფედერაციას ეხება. არ უნდა არსებობდეს ტურნირი, რომელსაც უდიდესი ზიანი მოაქვს ეროვნული კალათბურთისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ევროლიგის ფორმატის შესაცვლელად“ – განაცხადა გარბახოსამ.