ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის სასამართლო იმართება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის სასამართლო იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის საქმის არსებით განხილვაზე მოწმე მ.კ.-ს კითხავენ.

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომები სრულად დახურა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებიან, რითაც საქმის საჯარო განხილვის შემთხვევაში ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების უფლებები დაირღვევა. ბრალდების მხარის შუამდგომლობას სხდომების დახურვასთან დაკავშირებით დაცვის მხარე არ დაეთანხმა. დღეს ასევე შესაძლებელია ბრალდების მხარის მეორე მოწმეც დაიკითხოს.

მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მ.კ-ზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზემოქმედება მოახდინა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასამართლოში მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვდა.