ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის სასამართლო დახრულ რეჟიმში გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში მოწმე მ.კ. დაიკითხა. სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ საქმის სხდომები სრულად დახურა.
სახელმწიფო ბრალდების თქმით, მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები დაადასტურა.
„დაიწყო ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დაიკითხა მოწმის სახით მ.კ. დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან პროცესი დახურული იყო, თუმცა გეტყვით, რომ მოწმემ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები და ისაუბრა ბრალდების კონკრეტულ ელემენტებზე, რომელიც ბრალად აქვს წარდგენილი მერაბ მორჩაძეს“, – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.
დაცვის მხარის განცხადებით, მოწმის ჩვენებები სამართლებრივად შესაფასებელია და სანდოობის საკითხია დასაყენებელი.
„კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით საინტერესო პასუხი მივიღეთ, ამიტომ, აღნიშნულ შეფასებებს დაცვის მხარე გააკეთებს. კონკრეტული პირისგან მიღებული ინფორმაცია სამართლებრივად არის შესაფასებელი. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სანდოობის საკითხი მიცემულ ჩვენებაზე აუცილებლად არის შესაფასებელი. კონკრეტულ დეტალებზე საუბარი გამიჭირდება. რა ფორმით და რა შინაარსით გადასცა თანხა, ეს გარკვეულწილად არის შესაფასებელი, თუმცა აღნიშნულის დადასტურება მისი მხრიდან იყო“, – განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.
შემდეგი სხდომა 31 ოქტომბერს, 15:30 საათზე ჩაინიშნა. მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მ.კ-ზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზემოქმედება მოახდინა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასამართლოში მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვდა.