ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი მტკიცებულებად მირზა სუბელიანის ჩანაწერების დართვას ითხოვს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი მტკიცებულებად მირზა სუბელიანის ჩანაწერების დართვას ითხოვს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილი საქმეზე მტკიცებულებების სახით მირზა სუბელიანის ჩანაწერების დართვას ითხოვს.

დ.ღ.-ს ადვოკატი აცხადებს, რომ მოწმის სახით უნდა დაიკითხონ ჩანაწერის ფიგურანტები ვიქტორ ჯაფარიძე და დათო ხუციშვილი. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, ის უკვე არის დასაკითხ მოწმეთა სიაში.

„ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა, გამოვითხოვეთ სუბელიანის ჩანაწერები, სადაც ის მერვე საპყრობილეში საუბრობს. ჩანაწერებში ის საუბრობს, როგორ ერეოდა საქმის გამოძიებაში. აქ იკვეთება, რომ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება და განადგურება, რამაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას. სწორედ ამან შეუშალა ხელი და არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიცემულმა ჩვენებამ. სუბელიანი ისედაც დაიკითხება, ასევე ვითხოვ ჩანაწერებში ფიგურანტი პირების – ვიქტორ ჯაფარიძის და დავით ხუციშვილის დაკითხვას“, – აცხადებს ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილი.

ბრალდების თანახმად, არასრულწლოვან დ.ღ.-ს ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ სწორედ მედიაში გავრცელებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის მტკიცებულებები გაყალბებული და განადგურებულია და არასრულწლოვანი დ.ღ.-ს ჩვენებას დამდგარ განაჩენზე გავლენა არ მოუხდენია.

რაც შეეხება საქმის არსებით განხილვას, დღევანდელ სხდომაზე ექვსი მოწმე დაიკითხება. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. დ.ღ. უკვე ოთხ თვეზე მეტია, პატიმრობაშია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით კი, არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის ვადა ექვს თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

დ.ღ. ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.