ხონის „კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ“ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს უმასპინძლა
ხონის „კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ“ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს უმასპინძლა

​საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ბოლო შეკრებას იწყებს. გიორგი ასანიძის გუნდი დასკვნით მზადებას სწორედ ბათუმში შეუდგება სადაც ნაკრები დღეს გაემგზავრა.

შეკრება 15 მარტს დაიწყება, მანამდე კი სპორტსმენებს ხონში უმასპინძლეს და წარმატებები უსურვეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით შეხვედრას „კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ“ უმასპინძლა და ის მიზნად ხონში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ისახავდა.

სასპორტო სკოლაში, ახალგაზრდების ინიციატივით, სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის კედელი თემატურად მოიხატა და „ფლეშმობი“ მოეწყო. შეხვედრაზევე გაცხადდა, რომ ამავე სკოლაში სპორტის მუზეუმი გაიხსნება. აღნიშნულ მუზეუმს პირველ ექსპონანტს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი დაჰპირდა. მანვე აღნიშნა, რომ შესაძლებელია მომავალში ნაკრების წევრებმა ხონში ვარჯიშებიც გამართონ.

შეხვედრის ბოლოს მოქმედმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, რის შემდეგაც ქალაქისა და ფედერაციის ხელმძღანელებმა ის ტერიოტრია დაათვალიერეს, სადაც ძალოსნობის დარბაზის მშენებლობა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბათუმში 6-დან 13 აპრილის ჩათვლით გაიმართება, რომელსაც საზოგადეობრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.