ხოჭოლავას ოპერაცია გაუკეთდა - სავარაუდოდ, „კოპენჰაგენის“ მცველი საქართველოს ნაკრებს ივნისშიც ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ხოჭოლავას ოპერაცია გაუკეთდა - სავარაუდოდ, „კოპენჰაგენის“ მცველი საქართველოს ნაკრებს ივნისშიც ვერ დაეხმარება #1TVSPORT

დავით ხოჭოლავამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და მოედანზე დასაბრუნებლად, სავარაუდოდ, რვა კვირა დასჭირდება, – ინფორმაციას Geo_team ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, „კოპენჰაგენის“ ქართველ მცველს მენისკის ოპერაცია მარცხენა ფეხზე ჩაუტარდა. დავით ხოჭოლავა კლუბის ინტერესსს ითვალისწინებდა და ბოლო თვეები ტკივილებით თამაშობდა, მაგრამ დანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „რანდერსთან“ დაშავდა, შესაცვლელი გახდა და ოპერაცია დასჭირდა.

ამით ნაკრებში ხოჭოლავას ჩამოუსვლელობის მიზეზებზე ატეხილ უსაფუძვლო მითქმა-მოთქმას წერტილი დაესვა. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო 29 წლის მცველი მარტის სანაკრებო შეკრებაზე ვერ გამოცხადდა, მალე კი კლუბში ითამაშა, რაც ამ მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა.

სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა – ხოჭოლავას ნაკრებში თამაშზე უარი არასოდეს უთქვამს, ისევე როგორც ნაკრების ხელმძღვანელობას – მის გამოძახებაზე. სამწუხაროდ, ხოჭოლავა მაისის ბოლომდე ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია, ხოლო ივნისის სანაკრებო მატჩებში „ჯვაროსნებს“ ისევ ვერ დაეხმარება. საქართველოს ეროვნული გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 17 ივნის კვიპროსს ესტუმრება, ხოლო 20 ივნისს – შოტლანდიას.