ხოჭოლავას მწვრთნელი შეუცვალეს - „კოპენჰაგენი“ 34 წლის ნესტრუპმა ჩაიბარა #1TVSPORT
დათა ხოჭოლავას გუნდიდან, დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენიდან“ მთავარი მწვრთნელი გაუშვეს და მისი შემცვლელიც მოძებნეს. გუნდი ხელმძღვანელობამ იეს ტორუპი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის ნაცვლად კი იაკობ ნესტრუპი დაინიშნა.
გადაწყვეტილების მიზეზი სეზონის წარუმატებელი სტარტი გახდა. იმის მიუხედავად, რომ იეს ტორუპმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, „კოპენჰაგენი“ დანიის ჩემპიონატში წარუმატებლად თამაშობდა. სუპერლიგის მე-10 ტურის მატჩში „მიდტიულანდთან“ ხოჭოლავას გუნდი გასვლაზე 2:1 დამარცხდა და მოქმედი ჩემპიონი 12-გუნდიან სუპერლიგის სატურნირო ცხრილის მე-9 საფეხურზე დაქვეითდა.
„გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მთავარ მწვრთნელ ჯესი ტორუპთან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ამ სეზონში გუნდის თამაშებში ის განვითარება და სტაბილურობა არ გვინახავს, რომელიც „კოპენჰაგენს“ სჭირდება. შესაბამისად, ჩვენ ვწყვეტთ მუშაობას ჯესი ტორუპთან” – ამბობს გუნდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ალან აგერჰოლმი.
„კოპენჰაგენის“ პრესსამსახურის ცნობით, გათავისუფლებული მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ტორუპის თანაშემწე, 34 წლის იაკობ ნესტრუპი შეასრულებს.
„ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური მწვრთნელი იაკობ ნესტრუპში, რომელიც კლუბს სიღრმისეულად იცნობს. ჩვენ იაკობში ვხედავთ უკიდურესად კვალიფიციურ მწვრთნელს, რომელსაც შეუძლია გაგვიყვანოს იმ რთული თამაშის პერიოდიდან, რომელიც კლუბმა ამ სეზონში გაიარა“, – აცხადებს ალან აგერჰოლმი.
იაკობ ნესტრუპი 34 წლისაა. მცირე ასაკის მიუხედავად, იგი ადრე იყო „ვიბორგის“ მთავარი მწვრთნელი. „კოპენჰაგენში“ მწვრთნელის თანაშემწედ 2021 წლის იანვრიდან მუშაობს. მასთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაფორმდა.