ხოჭოლავას და „შახტარის“ ბრწყინვალე გამარჯვება მადრიდში, „რეალთან“ (ვიდეო)

დათა ხოჭოლავამ და დონეცკის „შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დიდებული გამარჯვებით დაიწყეს – უკრაინის ჩემპიონმა „ბ“ ჯგუფის პირველი შეხვედრა მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბუეზე“ „რეალის“ წინააღმდეგ ჩაატარა და უდიდეს წარმატებას მიაღწია.

სამეფო კლუბისთვის შოკისმომგვრელი იყო პირველი ტაიმი, როდესაც დონეცკელებმა მასპინძელთა კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს – ანგარიში 29-ე წუთზე ტეტემ გახსნა, 4 წუთში. „რეალის“ ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 42-ე წუთზე მადრიდელებს მესამედ მანორ სოლომონმა გაუტანა.

მეორე ტაიმში მადრიდელებმა მდგომარეობა გამოასწორეს – ლუკა მოდრიჩმა 54-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ხოლო ხუთ წუთში ვინიციუსმა ანგარიში 2:3 გახადა. თითქოს, გათანაბრებისთვის მადრიდელებს ნახევარ საათზე მეტი ჰქონდათ, მაგრამ „შახტარს“ ვერაფერი მოუხერხეს და უკრაინელებმა 2:3 მოიგეს.

სასიხარულოა, რომ დათა ხოჭოლავა ამ შეხვედრაში დონეცკელთა გამარჯვების მონაწილე იყო – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და გუნდთან ერთად წარმატება მოიპოვა.

ფოტოები: gettyimages.com