ხოჭოლავა „შახტარს“ ემშვიდობება - ქართველის ტრანსფერში „კოპენჰაგენი“ ოთხ მილიონს იხდის 1TVSPORT
ხოჭოლავა „შახტარს“ ემშვიდობება - ქართველის ტრანსფერში „კოპენჰაგენი“ ოთხ მილიონს იხდის 1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „შახტარის“ მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას დანიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ „კოპენჰაგენში“ გააგრძელებს. ტრანსფერის დეტალებზე უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ბურბასმა საინტერესო ცნობები გაავრცელა.

„შახტარი“ ავსტრიის ქვედა დივიზიონის კლუბების შემდეგ, პოლონეთის ვიცეჩემპიონს, „რაკუვს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. პოლონური კლუბის წინააღმდეგ დავით ხოჭოლავას არ უთამაშია. ის დონეცკის „შახტართან“ ერთად არ ემზადება და კარიერას დანიურ „კოპენჰაგენში” აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ „შახტარი“ კვლავ ცენტრალურ მცველებში დიდი კონკურენციაა – ხოჭოლავას გარდა, მწვრთნელის განკარგულებაში არიან ახალწვეულები მარლონი, მატვიენკო, კრივცოვი, ვიტაო და ბონდარი.

ქართველის ტრანსფერზე უკრაინული და დანიური კლუბების შეთანხმების დეტალები და გადასახდელი თანხაც ცნობილი გახდა.

„ხოჭოლავას დამატებაზე „კოპენჰაგენი“ დონეცკელებს მეორე მცდელობაზე მაინც შეუთანხმდა. პირველი მოლაპარაკებები ორი წლის წინ უშედეგოდ დასრულდა. ხოჭოლავამ ორ ევროპულ კლუბს შორის არჩევანი გააკეთა – „შახტარის“ მცველის ტრანსფერი ერთდროულად ორი მილიონი ევრო დაჯდება, პლუს დანიელებს ბონუსების სახით ორი მილიონის დამატება მოუწევთ, მოთამაშე კი კონტრაქტს 4 წლით გააფორმებს“, – წერს ჟურნალისტი იგორ ბურბასი Twitter-ზე.

კოპენჰაგენი“ დანიის დასრულებული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია და ახალ ევროსეზონში კონფერენციის ლიგაზე ითამაშებს. გუნდი თამაშობს „პარკენ არენაზე“, რომელიც დანიის ნაკრების საშინაო არენაა და სადაც ევრო 2020-ის მატჩები გაიმართა.

„კოპენჰაგენი“ დანიის 13-გზის ჩემპიონია (ბოლოს 2018/19 სეზონში გახდა), 8-ჯერ იყო დანიის თასის მფლობელი, ხოლო 3-ჯერ დანიის სუპერთასის გამარჯვებული.

ევროსარბიელზე „კოპენჰაგენი” ყველაზე წარმატებული დანიური კლუბია – 4-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე (2006/07, 2010/11, 2013/14, 2016/17), ხოლო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე ლამის ჩაწერილია – 9-ჯერ მოხვდა ჯგუფში (2007/08, 2008/09, 2009/10, 2011/12, 2012/13, 2014/15, 2017/18, 2018/19, 2019/20), 2019/20 სეზონში კი მეოთხედფინალამდეც გავიდა.

დატოვე კომენტარი