ხოჭოლავა საოცნებო ნაკრებში - დანიელებმა „ბრონდბიუსა“ და „კოპენჰაგენისგან“ ერთი გუნდი შეადგინეს #1TVSPORT
ხოჭოლავა საოცნებო ნაკრებში - დანიელებმა „ბრონდბიუსა“ და „კოპენჰაგენისგან“ ერთი გუნდი შეადგინეს #1TVSPORT

დათა ხოჭოლავა დანიის ყველაზე პოპულარული კლუბების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საუკეთესო თერთმეტეული დანიურმა გამოცემა Tipsbladet-მა შეადგინა.

საქმე ისაა, რომ დანიის სუპერლიგის მე-13 ტურში ერთმანეთს ამ ქვეყანაში ორი ყველაზე პოპულარული კლუბი დაუპირისპირდება – „ბრონდბიუ“ „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებს. Tipsbladet-მა კვირის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრამდე ამ გუნდებისგან ერთი ოცნების გუნდის შედგენა სცადა და საქართველოს ნაკრების მცველი სწორედ ამ რჩეულებში მოხვდა.

„როგორი იქნება საოცნებო გუნდი, თუ მას „ბრონდბიუს“ და „კოპენჰაგენის“ მოთამაშეებით შექმნით? ჩვენ გადავწყვიტეთ ამ გუნდის შედგენა, რომელიც 3-5-2 სქემით ითამაშებს და ჩვენი აზრით, ორივე გუნდის საუკეთესო მოთამაშეებისგან დავაკომპლექტეთ. გადავწყვიტეთ, უგულებელვყოთ ტრავმირებული ფეხბურთელები, როგორებიც არიან ზეკა და რასმუს ფალკი“, – წერს Tipsbladet.

საქართველოს ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ მოთამაშე დათა ხოჭოლავა ავტორმა სამკაციან უკანა ხაზში მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დააყენა.

„ქართველმა ცენტრალურმა მცველმა კარგად დაიწყო „კოპენჰაგენში“, სადაც დაცვის სტაბილიზაციას შეუწყო ხელი. ის არის შესანიშნავი მოთამაშე, რომელთანაც ორთაბრძოლის მოგება ძალიან რთულია“, – წერს Tipsbladet.

12 ტურის შემდეგ „კოპენჰაგენი“ 25 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ბრონდბიუმ“ ჯერ მხოლოდ 15 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციას იკავებს. ამ გუნდების დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.