ხოჭოლავა და „კოპენჰაგენი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშებენ #1TVSPORT
ხოჭოლავა და „კოპენჰაგენი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშებენ #1TVSPORT

დათა ხოჭოლავამ და „კოპენჰაგენმა“ „ტრაბზონთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი 0:0 დაასრულეს და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

დანიის ჩემპიონმა კოპენჰაგენის „პარკენ არენაზე“ გამართულ პირველ მატჩში „ტრაბზონსფორი“ 2:1 დაამარცხა და განმეორებით მატჩში, რომელიც თურქეთში გაიმართა, მეტოქეს მცირე უპირატესობით ესტუმრა.

საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა დანიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „კოპენჰაგენისთვის“ კომფორტული არ იყო პირველი შეხვედრის შედეგი, მაგრამ ტრაბზონის „შენოლ გიუნეშ არენაზე“ ბოლომდე იბრძოლა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შესაძლებლობით იდეალურად ისარგებლა.

„ტრაბზონი“ მთელი თამაში ცდილობდა დანიელთა კარის აღებას. ბოლო წუთებზე ორი რეალური შანსი ჰქონდა თურქების ბერძენ ნახევარმცველს, ანასტასიოს ბაკასეტასს – 85-ე წუთზე მისი უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი „კოპენჰაგენის“ ხარიხას მოხვდა, ხოლო 90-ე წუთზე საჯარიმო შეასრულა და ბურთი ამჯერად მარცხენა ძელს მოარტყა.

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა და „კოპენჰაგენმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო „ტრაბზონი“ ევროპის ლიგის ჯგუფში ითამაშებს.