ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების შედეგი მსოფლიო თასზე
ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების შედეგი მსოფლიო თასზე

ალჟირში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშება World Cup by Ooredoo დასრულდა. დღეს ასპარეზობა გუნდურ შეჯიბრში გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და ვაჟა რეჭია არიან, 24 მონაწილეს შორის რვა საუკეთესოში მოხვდა.

პირველი შეხვედრა ქართველმა მოფარიკავეებმა სენეგალის წინააღმდეგ გამართეს და იოლად 45-13 მოიგეს. მერვედფინალი დრამატული გამოდგა. ძალიან ძლიერ საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირება საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საქართველოს ნაკრებმა ორთაბრძოლაში 45-43 გაიმარჯვა. მეოთხედფინალში ქართველებს გუნდური რეიტინგის მეორე ნომერი იტალია შეხვდა. ბრძოლა აქაც დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ იტალიამ შეხვედრა 45-37 მოიგო. ამას მოჰყვა წარუმატებელი დაპირისპირებები უნგრეთთან (41-45) და ირანთან (41-45). ჯამში ქართველი მოფარიკავეები მერვე ადგილზე გავიდნენ და პროგრამა მინიმუმი შეასრულეს.

2018-2019 წლების სეზონის პირველი მსოფლიო თასი ნაკრებისთვის დამაკმაყოფილებელი გამოდგა. ინდივიდუალურ შეჯიბრში საუკეთესო შედეგი სანდრო ბაზაძეს ჰქონდა, რომელიც 161 მონაწილეს შორის მეექვსე ადგილზე გავიდა და 14 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. ამ ქულებით განახლებულ რეიტინგში ბაზაძე, სავარაუდოდ, 2 ადგილით დაწინაურდება და მსოფლიოში 23-ე იქნება. რეიტინგში წინსვლა ექნება ვაჟა რეჭიასაც.

ხმლით მოფარიკავეთა მნიშვნელოვანი ტურნირები, ისეთები, როგორებიც მსოფლიო თასი, გრან პრი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები უკვე მომავალ 2019 წელს გაიმართება.