ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები სეულის გრან-პრიზე იასპარეზებს
ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები სეულის გრან-პრიზე იასპარეზებს

26 აპრილს სეულში ხმლით ფარიკაობაში გრან-პრი აიღებს სტარტს. სწორედ ამ ტურნირიდან დაიწყება ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო პერიოდის ათვლა. სამხრეთ კორეაში საქართველოს ნაკრები ხუთკაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. მედლებისთვის სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი, ლიკა ჯიჯეიშვილი და თეოდორა კახიანი იბრძოლებენ. პირველობა 28 აპრილს დასრულდება.

ფარიკაობის თითოეულ დისციპლინაში სეზონზე სამი გრან-პრი იმართება. ამ შეჯიბრებებში მოპოვებული ქულები ევროპის ჩემპიონატზე დაგროვებული ქულების ტოლფასია. ქართველ მოფარიკავეებს კარგი შანსი აქვთ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესონ.

სეულის ტურნირი სეზონის მეორე გრან-პრია. პირველს კაირომ უმასპინძლა. ეგვიპტეში წარმატებით იასპარეზა სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ქართული ფარიკაობის ისტორიაში პირველად, აღნიშნულ შეჯიბრზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხმლით ფარიკაობაში მესამე და ბოლო გრან-პრი 24-26 მაისს მოსკოვში ჩატარდება.