ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები მადრიდის მსოფლიოს თასზე მეექვსეა #1TVSPORT
ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები მადრიდის მსოფლიოს თასზე მეექვსეა #1TVSPORT

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დასრულებულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე Villa de Madrid გუნდურ შეჯიბრში მე-6 ადგილს დასჯერდა.

ჩვენმა გუნდმა, სანდრო ბაზაძის, ბექა ბაზაძის, გოგა კაკაურიძის და ლაშა კუჭუხიძის შემადგენლობით პირველ შეხვედრაში ბელგია იოლად 45:24 დაამარცხა, შემდეგ იყო დრამატული ბრძოლა ირანის ნაკრებთან სადაც ქართველების გამარჯვება – 45:44 დაფიქსირდა.

1/4 ფინალში უნგრეთის უძლიერეს გუნდთან საქართველოს ნაკრები 23:45 დამარცხდა და ბრძოლა მეხუთე ადგილისთვის განაგრძო. აშშ-ის წარმომადგენლებთან ანგარიშით 45:39 გამარჯვების შემდეგ ქართველმა მოფარიკავეებმა ფრანგებთან 36:45 დათმეს და მსოფლიო თასის გათამაშებაზე მეექვსე ადგილს დასჯერდნენ.

Villa de Madrid-ში 26 ქვეყნის ეროვნული გუნდი მონაწილეობდა.