ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის პირველი საშეჯიბრო დღე - საუკეთესოთა შორის სამი ქართველი იასპარეზებს
ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის პირველი საშეჯიბრო დღე - საუკეთესოთა შორის სამი ქართველი იასპარეზებს

პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო თასზე (SABRE DE WOLODYJOWSKI) ხმლით ფარიკაობაში, პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა და ის 48 მონაწილე გამოვლინდა, რომლებიც ხვალ რეიტინგის საუკეთესო 16 მოფარიკავესთან ერთად მედლებისათვის გააგრძელებენ ბრძოლას.

ხვალ საუკეთესოთა შორის სამი ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს. სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე და ნიკა შენგელია. სანდრომ საუკეთესო 64 შესასვლელად რუსი როსტისლავ კრასილნიკოვი 15-8 დაამარცხა, ბექამ იტალიელ ლეონარდო დრეოსის 15-12 აჯობა, ნიკამ კი კოლუმბიელ მარიო აბერტო პალასიოს მურილიოს 15-3 მოუგო. ერთი ნაბიჯი დააკლდა საუკეთესოთა შორის მოსახვედრად მიხეილ მარდალეიშვილს, მიშა პოლონელ იაკუბ ოცინსკისთან დაძაბულ ბრძოლაში 14-15 დამარცხდა.

ხვალ T64-ში, საქართველოს დროით, 13:00 – ნიკა შენგელია, FIE-ს რეიტინგის მე-5 ნომერს, სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰს შეხვდება, 13:30 – ბექა ბაზაძე FIE-ს რეიტინგის 32-ე ნომერ, გამოცდილ, 32 წლის უნგრელ შანად გემეშს, 14:30 – სანდრო ბაზაძე FIE-ს რეიტინგის 43-ე ნომერ, იტალიელ დარიო კავალიერის.

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური