ხმელთაშუა ზღვის გადალახვის მცდელობის დროს წელს ათასი მიგრანტი დაიღუპა
ხმელთაშუა ზღვის გადალახვის მცდელობის დროს წელს ათასი მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვის გადალახვის მცდელობის დროს 2019 წელს ათასი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ გაერო იუწყება. საერთაშორისო ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ბოლო ექვსი წელია, დაღუპული მიგრანტების რაოდენობა ყოველ წელს ათასს აღემატება.

მსხვერპლის ზრდიდან გამომდინარე, გაერო ევროპულ სახელმწიფოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. მათ შორის არის სამძებრო და სამაშველო ოპერაციების გაზრდა. ამასთან, ამ საკითხით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევა და ევროპულ საზოგადოებაში მათ შესახებ ცნობიერების გაზრდა.

ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროპაში მოხვედრის მიზნით მიგრანტები ძირითადად ხმელთაშუა ზღვას ირჩევენ, თუმცა კუსტარულად დამზადებული ნავებისა და ბორტზე ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობის გამო სახიფათო მოგზაურობა ხშირად ფატალურად სრულდება. 2019 წელს ხმელთაშუა ზღვა 63 ათასმა მიგრანტმა გადალახა.

2014 წლიდან, ანუ ევროპაში მიგრანტთა კრიზისის დაწყების შემდეგ, ხმელთაშუა ზღვაში დაღუპული არალეგალების რაოდენობა 15 ათასს აღემატება.