ხმათა თითქმის 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია 48.27 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზეა „პატრიოტული ბლოკი“ 25.45 პროცენტით
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 96 პროცენტის დათვლის შედეგად, მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 48.27 პროცენტით პირველ ადგილზეა.
მეორე ადგილს ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს, 25.45 პროცენტით.
ბარიერი გადალახა და 8.33 პროცენტით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“. „ჩვენი პარტია“ 6.27 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტიაა 5.68 პროცენტით.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები 29 სექტემბერს ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათისთვის გამოცხადდება. მანამდე მედიაში ვარაუდობენ, რომ მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ მარტივ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს – 51 მანდატით. „პატრიოტულ ბლოკს“ 29 დეპუტატი ეყოლება, ბლოკ „ალტერნატივას“ – ცხრა, ხოლო „ჩვენი პარტია“ და „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია კი პარლამენტში ექვს-ექვსი მანდატით შევლენ.
ცნობისთვის, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 52 პროცენტს გადააჭარბა. საარჩევნო უბნებზე ხმა 1 604 784-მა ამომრჩეველმა მისცა. წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა კი 48.51 პროცენტი იყო.