ხმათა 81 პროცენტის დათვლის შემდეგ, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი 70 პროცენტით ლიდერობს
ხმათა 81 პროცენტის დათვლის შემდეგ, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი 70 პროცენტით ლიდერობს

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 81 პროცენტი უკვე დათვლილია.

ამ დროის მონაცემებით, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 70.47 პროცენტით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ ხმათა 8.33 პროცენტით. მესამე ადგილს კი პარტია „ნათელი სომხეთი“ იკავებს 6.34 პროცენტით.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ ლახავენ და შესაბაისად, ისინი სავარაუდოდ პარლამენტში ვერ მოხვდებიან. ამ დროის მონაცემების მიხედვით, „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, 4.53 პროცენტით მეხუთე პოზიციაზეა.

საერთო ჯამში, სომხეთის მასშტაბით 2010 უბანი იყო გახსნილი. სომხური მედიის ინფორმაციით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 48.63 პროცენტი იყო.

სომხეთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ არჩევნებზე მოსახლეობის 50 პროცენტზე ნაკლები მივიდა. სომხეთის დედაქალაქ ერევანში აქტივობამ 47.6 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 60.84 პროცენტი იყო.