ხმა მივცეთ შენგელიასა და შერმადინს - ესპანეთის ლიგის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო
ხმა მივცეთ შენგელიასა და შერმადინს - ესპანეთის ლიგის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი 17 ივნისს განახლდება, გუშინდელი დღიდან კი სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულის გამოსავლენი გამოკითხვა დაიწყო. მიმდინარე და ბოლო წლების ესპანური ლიგის საუკეთესოთა შორის მყარად არიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებიც გუშინ დაწყებულ გამოკითხვაშიც მონაწილეობენ.

გამოკითხვა 24 ივნისის ჩათვლით გასტანს და მასში ქომაგების ხმებზე 25% გახლავთ გამოყოფილი და ასეთივე წილი აქვთ თავად კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და ჟურნალისტებს. საყვარელი მოთამაშეებისთვის ხმის მისაცემად სოციალური ქსელს უნდა მიმართოთ, კერძოდ კი, ტვიტერში დაწეროთ MVP Movistar და შემდეგ სასურველი კალათბურთელის გვარი, მაგალითად, Tornike Shengelia ან Giorgi Shermadini. დღის განმავლობაში ამ პროცედერის მხოლოდ ერთხელ ჩატარებაა შესაძლებელი, 21-24 ივნისს კი, თქვენი ხმები ორად ჩაითვლება.

MVP-ს გამოვლენის გარდა, შეირჩევა სეზონის საუკეთესო ხუთეულიც, ამდენად, ხმები კონკრეტულად პოზიციების მიხედვითაც დაითვლება. მძიმე ფორვარდები და ცენტრები ერთ კატეგორიაში არიან გაერთიანებულნი და ამ დროისთვის, შენგელია (575 ხმა) და შერმადინი (539), შესაბამისად, მე-2 და მე-3 პოზიციებზე იმყოფებიან. ერთპიროვნული ლიდერი ბარსელონელი ნიკოლა მიროტიჩია, რომელიც ასევე ჩინებულ სეზონს ატარებს და უკვე 3 047 ხმა მიოუგროვდა.

მიროტიჩი საერთო ცხრილშიც ლიდერობს, მას კი კვალში ფაკუნდო კამპაცო (რეალი, 2 258), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუტი, 949), დილან ელისი (სარაგოსა, 779), მარსელინიო უერტასი (იბეროსტარ ტენერიფე, 767), შენგელია, შერმადინი, აქსელ ბუტელე (უნიკახა, 516), ბოიან დუბლევიჩი (ვალენსია, 461) და ნიკო ბრუსინო (სარაგოსა) უდგანან.

შენგელიამ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 32:55 წუთი, 16.6 ქულა, 6.3 მოხსნა, 2.7 პასს, 1.4 ჩაჭრა, 0.3 დაფარება, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი – 19.6. თავის მხრივ, 22 მატჩში შემდეგი საშუალო მაჩვენებლები აქვს შერმადინს: 26:44 წუთი, 18.3 ქულა, 7.1 მოხსნა, 1.5 პასი, 0.6 ჩაჭრა, 0.5 დაფარება, სარგებლიანობის კოეფიციენტი 23.7.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. 

დატოვე კომენტარი