ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა დაშავდა
ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონზე მიტანილი იერიშის შედეგად, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს.

დაღუპულებს შორის არის ხანდაზმული ცოლ-ქმარი, რომელთა სახლსაც ჭურვი მოხვდა. კიდევ ორი ცხედარი გვერდით მდებარე სახლშია ნაპოვნი. ახლა მათი ამოცნობა მიმდინარეობს.

რაც შეეხება რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულებს, მათ შორის ერთი ბავშვია.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, ხერსონის ოლქის მიმართულებით რუსეთის არმიამ ბოლო დღე-ღამეში 425 ჭურვი ისროლა.

ამასთან ერთად, როგორც უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში განაცხადეს, 24 დეკემბერს ღამით რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა ნიკოლაევის, ხმელნიცკის, ზაპოროჟიეს, დნიპროსა და კიროვოგრადის ოლქების მიმართულებით. მათივე ინფორმაციით, 15 დრონიდან 14-ის ჩამოგდება მოხერხდა.