ხელიდან გაშვებული შანსი - „საბურთალო“ „სტიაუასთან“ ბოლო წუთებზე დამარცხდა #1TVSPORT
ხელიდან გაშვებული შანსი - „საბურთალო“ „სტიაუასთან“ ბოლო წუთებზე დამარცხდა #1TVSPORT

„საბურთალომ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ბუქარესტში „სტიაუასთან“ გამართა. დაძაბული ბრძოლის დასრულებამდე 12 წუთით ადრე თბილისური კლუბი შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და მიზანს ვერ მიაღწია.

თბილისში 1:0-ის მოგების შემდეგ „საბურთალოს“ გასვლაზე რთული თამაში და სავსე სტადიონი ელოდა. „სტიაუამ“ თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა. ანგარიშის გახსნა 44-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ ჯოისკიმ დავამ მოახერხა და შესვენებაზე გუნდები მასპინძელთა უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ნახევარის დასაწყიში „სტიაუამ“ თბილისელთა კარი მეორედაც აიღო. 55-ე წუთზე ძლიერი დარტყმით თავი მალკომ ეჯუმამ გამოიჩინა, მაგრამ 69-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავას გადაცემით „საბურთალოს“ თავდამსხმელმა გურამ გოშთელიანმა სხვაობა შეამცირა – 2:1.

საერთო ანგარიში გათანაბრდა (2:2) და თბილისელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი დაუბრუნდათ. რუმინელებმა მთელი გუნდით შეუტიეს და დაცვა მოაშიშვლეს, რითაც „საბურთალომ“ ისარგებლა და 78-ე წუთზე მეორე გოლიც გაიტანა. გოლი ისვე გოშთელიანის დამსახურებით გავიდა – მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა და შეტევა ბენემედიკ მიოჩის გაუგრძელა, მისი გადაცემით კი იური ტაბატაძემ ანგარიში გაათანაბრა.

შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საჭირო ანგარიში თბილისელებმა ვერ შეინარჩუნეს – ზუსტად ორ წუთში ფლორინელ კომანმა რუმინელთა შეტევა დააგვირგვინა და „სტიაუა“ ისევ დააწინაურა – 3:2. 87-ე წუთზე კი მასპინძლებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელიც რისტო რადუნოვიჩმა გამოიყენა.

89-ე წუთზე მასპინძელთა შემტევი ნახევარმცველი ანდრე კორდეა მთავარმა არბიტრმა უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა, მაგრამ „საბურთალომ“ დარჩენილ მცირე დროში თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

რუმინეთის ვიცეჩემპიონმა 4:2 გაიმარჯვა, ორი მატჩის ჯამში – 4:3 და კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა, „საბურთალო“ გათამაშებას გამოეთიშა და ამით ქართული გუნდებისთვის ევროსეზონი ადრეულ ეტაპზე დასრულდა.