ხელბურთის ფედერაციის მორიგი ჯილდო
ხელბურთის ფედერაციის მორიგი ჯილდო

შვედეთის ქალაქ გეტებორგში, ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის გარდა, მიმდინარეობს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი, სადაც საქართველოს ხელბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ დაასახელეს ტოპ-ორგანიზატორად.

ამჯერად, სპეციალური დიპლომი გადმოგვეცა ივნისში დასრულებული ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) ერთა ჩემპიონატის საუკეთესო ორგანიზაციულ დონეზე ჩატარებისთვის. 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ფედერაციამ უმასპინძლა მსოფლიოსა და ევროპული ფედერაციების ეგიდით ჩატარებულ ათზე მეტ საერთაშორისო შეჯიბრებას: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატს (2017), ევროპის ჩემპიონატებს (2016, 2018, მესამე ანალოგიური შეჯიბრება 2019 წელს, აგვისტოში გაიმართება), IHF ერთა ჩემპიონატსა და ორ ტროფის (2019; 2016 ქალები; 2016 მამაკაცები, ქუთაისი), ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს (2015, ჭაბუკები, გოგონები), ევროპის ჩემპიონატის ორ შესარჩევ ტურნირს (2015 გოგონები, ქუთაისი;  2016) და ყველა მათგანი უმაღლეს  საორგანიზაციო დონეზე ჩატარდა.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციას გეტებორგის კონგრესზე წარმოადგენენ პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე. მათ გამართეს სამუშაო შეხვედრები ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) პრეზიდენტ ჰასან მუსტაფასა და ხელბურთის ევროპის ფედერაციის (EHF) პრეზიდენტ მიხაელ ვიდერერთან.

კონგრესზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო პანამერიკული კონფედერაციის ორ ნაწილად დაყოფა – ჩრდილოეთში მოხვდნენ ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის ზღვის კუნძულები, ხოლო სამხრეთში – სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა. ასევე იმსჯელეს 2021 წლის მსოფლიოს მამაკაცთა ჩემპიონატზე ეგვიპტეში, რომელშიც პირველად ითამაშებს 32 გუნდი. ჯერჯერობით განხილვაშია ტურნირის საბოლოო ფორმატის საკითხი და ისიც, თუ რომელი კონფედერაცია რამდენ დამატებით ადგილს მიიღებს 32-გუნდიან ფორმატში. ამ ტურნირის შესარჩევ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები 2019 წლის შემოდგომიდან ჩაებმება.

წყარო – საქართველოს ხელბურთის ფედერაცია