საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ზურაბ გოგავა კარიერას გერმანიის მესამე დივიზიონის კლუბ „აუგუსტდორფში“ გააგრძელებს, ქართველმა ხელბურთელმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, – ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი აქვეყნებს.
„26 წლის ზურაბ გოგავას სახით საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე დავიმატეთ. ის ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს მომავალი ორი სეზონის განმავლობაში მეტ თავდაჯერებულობასა და სტაბილურობას შესძენს. გვჯერა, რომ ჩვენი გუნდისთვის ეს სასარგებლო შენაძენი იქნება“, – ასე გამოეხმაურა გერმანული კლუბის ვეგბვერდი ქართველი ხელბურთელის ტრანსფერს.
ზურაბ გოგავა: „მოხარული ვარ ახალ გუნდში გადასვლით. გადაწყვეტილების მიღებაში კლუბში შექმნილი პირობები და პერსონალის პროფესიონალიზმი დამეხმარა. სამწვრთნელო გუნდი მაღალ დონეზე მუშაობს, მთელი სტრუქტურა მოთამაშეების ინდივიდუალურად განვითარებისა და გუნდური წარმატებისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სპორტული მომავლისთვის სწორი ნაბიჯი გადავდგი.
მინდა, საერთაშორისო გამოცდილება ახალგაზრდა მოთამაშეებს გავუზიარო. მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევას თანაგუნდელებთან ერთად და მჯერა, რომ გუნდის წარმატებაში ჩემს წვლილსაც შევიტან“.
გოგავა გასულ სეზონში გერმანიის მესამე ლიგის „ალდეკერკში“ გამოდიოდა.