ხელბურთი | ზურაბ ცინცაძის ახალი კლუბი ცნობილია - საქართველოს ნაკრების მეკარე პოლონეთში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძე კარიერას პოლონეთის სუპერლიგაში გააგრძელებს – ქართველმა მეკარემ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ლეგიონოვოსთან“.
„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ 29 წლის გამოცდილი ქართველი მეკარე ზურაბ ცინცაძე ჩვენი კლუბის წევრი გახდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გუნდში, ზურაბ“, – დაწერა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე „ლეგიონოვის“ პრესსამსახურმა.
ცინცაძე პოლონეთის სუპერლიგის კლუბ „აზოტში“ თამაშობდა, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრთან, გიორგი დიხამინჯიასთან ერთად, გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო. გასულ სეზონში ცინცაძის ანგარიშზე 7 გოლი და 38 საგოლე გადაცემაა, დიხამინჯიამ კი 147 გოლი გაიტანა, 22 საგოლე გადაცემა მიითვალა და გუნდის მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„აზოტმა“ სპორტული შედეგებით სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო გუნდმა პოლონეთის მთავარ ლიგაში თამაში ვეღარ გააგრძელა.
„ლეგიონოვომ“ პოლონეთის ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის განაგრძო ბრძოლა, რასაც წარმატებით გაართვა თავი და მომავალი სეზონიდან კვლავ სუპერლიგაში ითამაშებს.
ზურაბ ცინცაძემ ხელბურთის თამაში საქართველოს ჩემპიონატის კლუბ „პეგასში“ დაიწყო. თამაშობდა ჩრდილოეთ მაკედონიის „პრილეპსა“ და „ოჰრიდში“, ბოლოს კი პოლონური სუპერლიგის „აზოტის“ ღირსებას იცავდა.