ხელბურთი | ვახტანგ ხარებაშვილი ლიეტუვის ჩემპიონატში ითამაშებს #1TVSPORT
ხელბურთი | ვახტანგ ხარებაშვილი ლიეტუვის ჩემპიონატში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების (U18, U20) წევრი, ვახტანგ ხარებაშვილი კარიერას ლიეტუვის ჩემპიონატში განაგრძობს – ახალგაზრდა ქართვეილ ხელბურთი კლაიპედის კლუბ „დრაგუნასში“ ჩაირიცხა – ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„წარმოგიდგენთ ჩვენი კლუბის ახალწვეულს საქართველოდან – „დრაგუნასმა“ ახალგაზრდა და პერსპექტიული ხელბურთელი, საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების წევრი ვახტანგი ხარებაშვილი დაიმატა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ვახტანგ, გისურვებთ წარმატებებს“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ხარებაშვილმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც 2026 წელს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, ცოტა ხნის წინ თურქეთში გამართულ შეკრებაზე თურქ თანატოლებთან მატჩებში მიიღო მონაწილეობა და 22 გოლი გაიტანა.

ცოტა ხნით ადრე კი სერბეთში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში სერბეთის სუპერლიგის გუნდებთან, „შამოტთან“ და „მეტოლაპლისტაკასთან“ ითამაშა და ამ მატჩებში 29 გოლი  გაიტანა.

ახლადდაწყებულს ლიეტუვის ჩემპიონატში „დრაგუნასმა“ პირველი მატჩი სტუმრად „ვარენოსს“ 29:28 მოუგო. ამას გარდა გუნდი წარმატებით ასპარეზობს „ბალტიის ლიგაშიც“, სადაც ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით პირველ ადგილზეა.