ხელბურთი | ტიტე კალანდაძე - შემდეგ თამაშზე მოედანზე უფრო მობილიზებული გავალთ #1TVSPORT
ხელბურთი | ტიტე კალანდაძე - შემდეგ თამაშზე მოედანზე უფრო მობილიზებული გავალთ #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპის პლეიოფის პირველ მატჩში ისრაელთან 29:32 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ და ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ თამაში შეაფასეს.

ტიტე კალანდაძე: „სამწუხაროდ, დასანანი მარცხი იყო. წინ მეორე თამაშია და რისი შესაძლებლობაც გვექნება, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლოთ. შემდეგ თამაშზე მოედანზე უფრო მობილიზებული გავალთ.

შეცდომებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, აბსოლუტურად ყველა რგოლში ბევრი პრობლემა გვქონდა, იგრძნობოდა ნერვიულობა. გვქონდა ბევრი მომენტი, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა დამთავრებულიყო, ბევრი გასატანი ბურთი ვერ გავიტანეთ. რაც ყველაზე ცუდია, რიგ მომენტებში უდისციპლინობამ იჩინა თავი, ბიჭები თამაშის საკუთარ თავზე აღებას ზედმეტად ცდილობდნენ, ამაზე საუბარი გვექნება.

მეტოქეს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს, დისციპლინირებულად მიჰყვებოდნენ საქმეს და სრულიად დამსახურებულად მოიგეს, თუმცა ამაში მათ ჩვენი ცუდი თამაშიც დაეხმარა“.

გიორგი ცხოვრებაძე: „სამწუხაროდ, პირველ თამაშში დავმარცხდით, მაგრამ ამით არაფერი დამთავრებულა, მეორე თამაში გვაქვს, სადაც მაქსიმალურად ვეცდებით ვითარების გამოსწორებას და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას. ისრაელს პირველად ვეთამაშეთ და იყო გარკვეული სიურპრიზები. მეორე მატჩამდე მათ თამაშს კარგად გავაანალიზებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ“.

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მეორე მატჩი თელავში 21 მარტს 16:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მეტოქის სამზე მეტი ბურთით დამარცხება სჭირდება. ამ წყვილში გამარჯვებული პლეიოფის გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს ეთამაშება (პირველი მატჩი – 13/14 მაისს, საპასუხო კი 16/17 მაისსაა დაგეგმილი) და გამარჯვებული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.