ხელბურთი | ტიტე კალანდაძე - საქართველოს ნაკრების მიზანი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლაა #1TVSPORT
ხელბურთი | ტიტე კალანდაძე - საქართველოს ნაკრების მიზანი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლაა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ კომენტარი გააკეთა საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის შეხვედრაზე, რომელიც 8 მაისს „თბილისი არენაზე“ გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ოთხი ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

„უმნიშვნელოვანესი თამაშია. გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე გავდივართ. გუნდში საბრძოლო განწყობაა, ბიჭები ძალიან კარგად არიან მომზადებულნი და გამარჯვებისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან.

იმედი გვაქვს, რომ ბევრი ქომაგი მოვა და ხელბურთის ნაკრების თამაშებზე დასწრების რეკორდიც შეიძლება მოიხსნას. გულშემატკივრის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბიჭებისთვის ეს დამატებით მოტივაციაა.

საბერძნეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია. ჩვენ უფრო ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მეტოქის შემადგენლობაში კი გამოცდილი მოთამაშეები სჭარბობენ. სტაბილური და შეთამაშებული გუნდია, დიდი ხანია ერთად თამაშობენ და იოლი გასეირნება არ გველის. მაგრამ გვინდა, ჩვენი ნიჭითა და შეუპოვრობით მიზანს მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეთ“, – განაცხადა ტიტე კალანდაძემ.

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ მატჩს 8 მაისს გამართავს. „თბილისი არენაზე“ შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.