ხელბურთი | ტიტე კალანდაძე - გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს #1TVSPORT
ხელბურთი | ტიტე კალანდაძე - გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოსნიასთან მოგების (28:26) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მსვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ და ხელბურთელებმა თამაში შეაფასა:

ტიტე კალანდაძე – „ამ თამაშს სატურნირო თვალსაზრისით დიდი დატვირთვა ჰქონდა – ცხრილში პირველი ქულები მოვიპოვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მეორედ დავამარცხეთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოსნია ძალიან ძლიერი ნაკრებია.

ბევრი შეცდომის მიუხედავად, სასიხარულოა, რომ საბოლოოდ თამაშის მოგება მაინც მოვახერხეთ და პირველი ქულები მოვიპოვეთ. გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს“.

გიორგი დიხამინჯია – „საერთო ჯამში, თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, ბევრი შეცდომა გვქონდა და მწვრთნელის დავალება ბოლომდე ვერ შევასრულეთ, მაგრამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მაინც მოვახერხეთ დადებითი შედეგის მიღწევა და ამით კმაყოფილი ვარ.

ახლა ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და მომავალი შეხვედრისთვის დავიწყოთ მზადება, რომელიც სამ დღეში ბოსნიაში გვაქვს. ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება, სავსე ტრიბუნების ქვეშ მოგვიწევს თამაში, მაგრამ მზად ვართ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ სასურველი შედეგის მისაღწევად“.

ზურაბ ცინცაძე – „რთული თამაში გამოვიდა და სასიხარულოა, რომ მოგება მოვახერხეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო დარბაზში მოსულ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში გვამხნევებდა და ბოლომდე გვერდში დაგვიდგა, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.

გიორგი ცხოვრებაძე – რთული თამაში მოვიგეთ და  მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ. რაც შეეხება საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს, ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის, მთელი გუნდის კარგი თამაშის შედეგია. მადლობა ქომაგებს, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ დარბაზში უფრო მეტი მაყურებელი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს, იმედია, თბილისში გასამართ მომავალ მატჩზე, საბერძნეთთან, უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა და მათთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“.