ხელბურთი | საქართველოს ნაკრების დებიუტანტი გიგა ზარნაძე - ეროვნულ გუნდში თამაში ჩემთვის დიდი პატივია #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის ემზადება – ქართველი ხელბურთელები 13 მარტს, 18:00 საათზე „თბილისი არენაზე“ ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლებენ, 16 მარტს კი მათ სტუმრად დაუპირისპირდებიან.
ამ მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია – გიგა ზარნაძე, რომელიც გერმანიის ობერლიგის კლუბ „ჰერმსდორფის“ ღირსებას იცავს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
აქამდე ზარნაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ამჯერად კი უკვე ეროვნული გუნდის ღირსებას დაიცავს.
25 წლის ხელბურთელმა პირველი არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნაკრებში გამოძახებით ძალიან გახარებულია და ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ყველაფერს გააკეთებს.
„კარგ სათამაშო ფორმაში ვარ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივია. ყველანაირად ვეცდები, მწვრთნელებს იმედები არ გავუცრუო და ქართველი გულშემატკივარი გავახარო.
ნაკრებში გამოძახების შემდეგ გერმანულმა კლუბმა ახალი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა, რაზეც გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებ“, – განაცხადა ზარნაძემ.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების კალენდარი:
13 მარტი | საქართველო – ბოსნია
16 მარტი | ბოსნია – საქართველო
8 მაისი | საქართველო – საბერძნეთი
11 მაისი | ისლანდია – საქართველო
ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას რვა ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.