ხელბურთი | ქართველი ლეგიონერების შედეგიანი მატჩები სანაკრებო პაუზამდე #1TVSPORT
ხელბურთი | ქართველი ლეგიონერების შედეგიანი მატჩები სანაკრებო პაუზამდე #1TVSPORT

გაიმართა ხელბურთში ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების მორიგი ტურის მატჩები, რომლებშიც თავი ქართველმა ხელბურთელებმაც გამოიჩინეს.

საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლი“ საკუთარ მოედანზე „დუნკერკს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 27:26 დაამარცხა. მასპინძლეთა შემადგენლბაში ერეკლე არსენაშვილმა ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში არსენაშვილს 16 შეხვედრაში 23 გოლი დაუგროვდა.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ“, რომელმაც სტუმრად „ვასლუი“ ორი ბურთით, 27:25 დაამარცხა. „ტურდას“ რიგებში ირაკლი კბილაშვილმა ორი გოლი მიითვალა.

სერბეთში „მეტალოპლსტიკამ“ საკუთარ მოედანზე „დინამოს“ 32:29 სძლია. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მირიან გავაშელიშვილმა – საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე ერთი გოლია.

შედეგიანი მატჩი ჰქონდა ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში თეიმურაზ ორჯონიკიძეს, რომლის „ოჰრიდმა“ საკუთარ მოედანზე „კუმანოვოს“ 38:20 სძლია. ირჯონიკიძემ მეტოქეს ხუთი გოლი გაუტანა.

პოლონეთის „აზოტის“ შემადგენლობაში ზურაბ ცინცაძემ და გიორგი დიხამინჯიამ ითამაშეს. „აზოტმა“ ვროცლავის „შლიონსკთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 30:27. ცინცაძემ რვა გოლი გაუშვა და გუნდი ოთხჯერ გადაარჩინა („აზოტის“ მეორე მეკარემ 19 გოლი გაუშვა და 10 მოგერიება ჰქონდა), დიხამინჯიამ კი სამი გოლის გატანა მოახერხა.