ხელბურთი | ქართველი ლეგიონერების მონაგარი ეროვნულ ჩემპიონატებში და ევროთასებზე #1TVSPORT
ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში და ევრთასებზე ქართველმა ხელბურთელებმა მორიგი მატჩები გამართეს.
საფრანგეთის ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის „ტრემბლი“ გასვლით შეხვედრაში დამარცხდა „ნიმთან“ 34:36. საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 40 წუთზე მეტი გაატარა და ოთხი ბურთი გაიტანა.
ნიკოლოზ კალანდაძის „პროვანსმა“, ასევე გასვლით მატჩში, მინიმალური ანგარიშით, 33:34 წააგო „შამბერთან“. კალანდაძის ანგარიშზე ექვსი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემაა.
ხორვატიის პრემიერლიგაში ზაგრებმა „ვინკოვცი“ 42:25 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომლის ანგარიშზე 10 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. ცხოვრებაძემ თავი გამოჩინა ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც „ოლბორგს“ ხუთი ბურთი გაუტანა.
რუმინეთის ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ. ხაზეინ რუსტამოვის „კონსტანტამ“ ირაკლი კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის „პოტაისა ტურდას“ უმასპინძლა.
„პოტაისა ტურდამ“ 25:17 მოიგო, საუკეთესო კი ირაკლი კბილაშვილი გახლდათ, რომელმაც 10 ბურთი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ორჯონიკიძეს შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, მასპინძელთაგან კი ხაზეინ რუსტამოვმა ერთი გოლი მიითვალა.
„პოტაისა ტურდამ“ 18 ოქტომბერს ევროპის თასზეც ითამაშა და ბელგიურ „სპორტინგ პელტს“ სტუმრად 29:27 სძლია. კბილაშვილი ამ მატჩშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო – მის ანგარიშზე შვიდი გოლა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.
გერმანიის ჩემპიონატის მესამე ლიგაში გიგა ზარნაძის „ჰამბურგ ბამბერკმა“ საკუთარ მოედანზე „ორანიერბურგერი“ 35:27 დაამარცხა – მატჩში მონაწილეობა ზარნაძემაც მიიღო, რომელმაც ერთი გოლი გაიტანა.
სერბეთის ქალთა სუპერლიგის მეხუთე ტურში „ნაპრედაკის“ ქართველმა ლეგიონერმა, თეკლა ძამუნაშვილმა სამი ბურთი გაიტანა, მისმა გუნდმა კი „იაგოდინასთან“ თამაში ბოლო წუთებზე შემოაბრუნა და 25:24 გაიმარჯვა. ძამუნაშვილი სერბულ კარიერაში პირველად მატჩის საუკეთესო მოთაამშე (MVP) გახდა.
