ხელბურთი | დავით გრიშიკაშვილი კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრი დავით გრიშიკაშვილი კარიერას იტალიის სერია A-ს კლუბში, „ალბატრო სირაკუზაში“ გააგრძელებს – ინფორმაციას იტალიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე დავით გრიშიკაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიური „ბუტელე სკიპიედან“ შემოგვიერთდა. იგი შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და განვითარების სურვილით გამოირჩევა. გრიშიკაშვილი ახლახან საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდა. კლუბსა და ხელბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა“.
ტრანსფერთან დაკავშრებით კომენტარი გრიშიკაშვილმაც გააკეთა:
„იტალიის ჩემპიონატი ჩემზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. როცა „ალბატროში“ თამაშის შანსი მომეცა, გადმოსვლამდე რამდენიმე თამაშს ვუყურე, ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი გამეგო გუნდზე და საბოლოოდ გადასვლაზე დიდხანს არ მიფიქრია“.
„ალბატრო სირაკუზა“ იტალიის სერია A-ს 14-გუნდან ჩემპიონატში 20 ქულით (10 მოგება და 5 წაგება) სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.
გრიშიკაშვილის დებიუტი იტალიის ჩემპიონატში, შესაძლოა, 7 თებერვალს „სასარისთან“ სტუმრად გასამართ მატჩში შედგეს.