ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები, „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ფილიალის ხელმძღვანელი, „სამგორი ემისა“ და „სამგორი თრეიდის“ დირექტორები დაკითხეს. კომპანია „სამგორი ემის“ დირექტორმა განაცხადა, რომ ამ კომპანიის პარტნიორი იყო ავთანდილ წერეთელი და ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი. ასევე, მისი განცხადებით, მოხდა კომპანიის მიერ ხაზარაძისთვის სესხის გაცემა.

„ჩვენ გვქონდა დამტკიცებული საკრედიტო ხაზი. ნაწილს სესხს ვითვისებდით და კომპანიის მიზნების გათვალისწინებით ვიყენებდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ავთო წერეთელმა თქვა, რომ უნდა აგვეღო კრედიტი და მიგვეცა ხაზარაძისთვის. ჩვენ ავიღეთ ერთ პროცენტში და გავეცით მეორე პროცენტში. შესაბამისად, კომპანია სარგებელს ნახულობდა. არ დაუფარავს ხაზარაძეს სესხი. გარკვეული პერიოდის შემდეგ იურიდიულად ბანკთან ურთიერთობები მოგვარდა სწორედ იმ რეგულაციებით, რაც გაწერილია. ზუსტად კონკრეტული იურიდიული დეტალები არ მახსოვს“, – განაცხადა კომპანია „სამგორი ემის“ დირექტორმა ნოე თოფურიამ.

სესხის ნაწილზე სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა ასევე კომპანია „სამგორი თრეიდის“ დირექტორმა, ირაკლი ფიჩხაიამ. მისი განცხადებით, ბანკის წინაშე სესხის დაფარვისთვის „სამგორი თრეიდმა“ დამფუძნებლებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, დაექირავებინათ საკონსულტაციო კომპანია და საბოლოოდ პროცესი დასრულდა იმით, რომ ვალდებულება სხვა კომპანიაზე გადავიდა.

„სამგორი თრეიდის“ ხელმძღვანელს საქმის პროკურორმა წაუკითხა მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ამონარიდი, რომელიც სწორედ ამ სესხს ეხებოდა – შპს „კონსტანტინ კორტის“ წარმომადგენელმა, ზაურ ბერუაშვილმა გვაცნობა ბანკის მხრიდან მოწოდებული იდეა, რომ სესხისგან გათავისუფლება მოხდებოდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოთხოვნების ხარჯზე, აღნიშნული მოთხოვნების და ვალდებულებების სხვა კომპანიისთვის მიყიდვის ან გადაცემის გზით“, – განაცხადა ირაკლი ფიჩხაიამ.

მოწმემ განაცხადა, რომ ჩვენებას ადასტურებს და დაახლოებით სწორედ ასე მოხდა. თუმცა, ადვოკატის კითხვაზე, ვინ შეარჩია კომპანია, რომელსაც ვალდებულებები დაეწერებოდა, მოწმემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხა „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ფილიალის მმართველი ხათუნა ლობჟანიძე, თუმცა მას კონკრეტული ინფორმაცია არ ჰქონდა, როგორ მოხდა სესხის გაცემა. როგორც მოწმემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ბანკში კოლეგიალური ორგანოს მიერ მიიღებოდა.

მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ არ უსაუბრიათ გადაცდომაზე, რომელიც ჯაფარიძე-წერეთელი-ხაზარაძის ბრალეულობას დაამტკიცებდა. მათივე აზრით, ის ფაქტი, რომ კომპანიებისგან თანხის გასესხება მოხდა, ეს ოფიციალური ხელშეკრულებებითაც დასტურდება, თუმცა ბრალდების მხარე ვერ ამტკიცებს, მათ შორის ვერც მოწმეების ჩვენებებით, რომ ამ პროცესში ადგილი ჰქონდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

საქმის პროკურორების განცხადებით კი, სესხის გაცემისას თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს თანხა ბანკს აღარ დაუბრუნდებოდა.

„გამოჩნდა ოფშორული კომპანია, რომელსაც არანაირი აქტივი არ ჰქონდა და საბოლოოდ ბანკი დარჩა მოთხოვნის გარეშე, ანუ ბანკს აღარ დაუბრუნდა სესხი. რაც შეეხება იმას, რომ მოწმეები არ ამბობენ, სადმე ფულის გათეთრება იყო, ფულის გათეთრება არის სამართლებრივი კვალიფიკაცია“, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.