ხავიერ მარსკერანომ „ინტერ მაიამის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT
არგენტინელი სპეციალისტი ხავიერ მასკერანო „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას MLS-ის კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მასკერანოს გადაწყვეტილება პირად მიზეზებს უკავშირდება. მან კლუბის ხელმძღვანელობას, გუნდის ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, განვაცხადო, რომ პირადი მიზეზების გამო, გადავწყვიტე დავასრულო ჩემი მოღვაწეობა „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო კლუბს ნდობისთვის, მთელ პერსონალს ერთობლივი ძალისხმევისთვის, მაგრამ განსაკუთრებით – ფეხბურთელებს, რომლებმაც დაუვიწყარი მომენტები შესაძლებელი გახადეს.
ასევე მადლობას ვუხდი გულშემატკივრებსა და კლუბის ოჯახს, რადგან მათ გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი პირველი თასის მოგონებას ყოველთვის გულით ვატარებ და სადაც არ უნდა წავიდე, კვლავაც საუკეთესოსა და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – ამბობს მასკერანო.
41 წლის მასკერანომ „ინტერ მაიამი“ 2024 წლის ბოლოს ჩაიბარა. 2025 წელს მან გუნდს MLS-ი მოაგებინა.