ხათუნა სამნიძე - პროტესტი არის გარდაუვალი, მაგრამ არ უნდა იყოს ერთადერთი გზა, უნდა ახლდეს სხვა სივრცეებში ბრძოლა, ბრძოლა მხოლოდ ემოციებზე არ იყოს დამოკიდებული
ხათუნა სამნიძე - პროტესტი არის გარდაუვალი, მაგრამ არ უნდა იყოს ერთადერთი გზა, უნდა ახლდეს სხვა სივრცეებში ბრძოლა, ბრძოლა მხოლოდ ემოციებზე არ იყოს დამოკიდებული

კოალიცია თუ გვინდა, არჩევნები უნდა იყოს გადამწყვეტი და ამის მოსაპოვებლად ბრძოლა უნდა იყოს მრავალმხრივი, არა მხოლოდ ქუჩაში, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

სამნიძის თქმით, ოპოზიცია აპირებს, იბრძოლოს პარლამენტში და გამოიყენოს მანდატები მაქსიმალურად. მისივე თქმით, ბრძოლა უნდა იყოს მრავალმხრივი, საპროტესტო აქციები ქუჩაში, ბრძოლა საკრებულოებში და პარლამენტში.

„პროტესტი არის გარდაუვალი და ეს ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა. ამ ფორმაში მთელი ოპოზიციური სპექტრი იქნება ერთად, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი გზა, ამას უნდა ახლდეს სხვა სივრცეებში ბრძოლა, იქნება ეს პარლამენტი თუ საკრებულოები. არ უნდა იყოს ეს ბრძოლა მხოლოდ ემოციებზე დამოკიდებული. ჩვენ რაციონალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოუერთდეს ჩვენს პროტესტს, მრავალმხრივს. თუ მოწოდებები იქნება რევოლუციური ან თუ ხშირად გავიგონებთ, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგა, ვფიქრობ, ეს პრობლემას შეუქმნის საერთო ბრძოლას და არ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი, რათა მივაღწიოთ მიზანს, მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები. მე დღეს ვარ ბრძოლაში ჩემს კოლეგებთან ერთად იმისთვის, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ის გახდეს სრულიად პროპორციული, დაბალი ბარიერით მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები და შევქმნათ ვითარება, როდესაც ქვეყანაში იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მმართველობა“, – განაცხადა სამნიძემ.

სამნიძეს მიაჩნია, რომ საჭიროა, აქციები იყოს მკაფიოდ დაგეგმილი.

„უნდა იყოს მკაფიო გეგმა და ვიცოდეთ, რა არის საბოლოო მიზანი. უნდა იყოს კონსულტაციები და ჩვენ, საზოგადოებას, ადამიანებს, ვისაც ვიწვევთ, რომ შემოგვიერთდნენ ამ პროცესში და მხარი დაგვიჭირონ, უნდა ჰქონდეთ ზუსტი გეგმა, თუ რას აპირებს ოპოზიცია. ოპოზიციაში არ ყოფილა კონსულტაციები და არ გვისაუბრია ჯერჯერობით“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერ იტყვის, შეუერთდება თუ არა 6 ნოემბერს დაგეგმილ აქციას.