ხათუნა სამნიძე - ხელისუფლებამ უნდა დათმოს, ასევე კომპრომისებზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენც, ოპოზიციამაც
ვილაპარაკეთ ყველა იმ საკითხზე, რაც არის ჩამონათვალში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მომზადებულ დოკუმენტში, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.
სამნიძის თქმით, შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა.
„16-მდე ცოტა დროა დარჩენილი, ასეთივე ცოტა დრო აქვს ყველა მხარეს. ძალიან პოზიტიურად განწყობილი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, რადგან ეს არის შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აქ არ არის მოგებული და წაგებული მხარე. სწორედ ამის მიღწევა გვინდა, რომ არ იყოს მხარეებს შორის შეჯიბრი, ვინ რას დაუმტკიცებს ერთმანეთს. ამ ქვეყანამ გაიმარჯვოს და კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯი გადადგას ჩვენი ევროატლანტიკური და ევროპული არჩევანისკენ. ეს არის სასწორზე და არა სხვა რამ. ძალიან ბევრი ამაზეც ვილაპარაკეთ. იმაზეც ვილაპარაკეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ამ პოლარიზებულ და ძალიან დაპირისპირებულ გარემოში ისეთ შეთანხმებამდე მივიდეთ, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ კრიზისს გადალახავს და გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან, არამედ სამომავლოდაც მსგავსი შემთხვევები არ გვექნება და შევძლებთ ერთად, მტკიცედ ვიაროთ ევროატლანტიკური არჩევანისკენ“, – განაცხადა სამნიძემ.
ხათუნა სამნიძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დათმოს და კომპრომისებზე წავიდეს და ასევე, კომპრომისებზე უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამაც.
„არანორმალურ ვითარებაში ვართ, როდესაც მთავარი ოპოზიციური, ერთ-ერთი დიდი პარტიის ლიდერი არის დაკავებული. ცხადია, ეს საკითხი დგას იმ ჩამონათვალში, ექვს პუნქტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოამზადა. წითელი ხაზების გარეშე ყველა გეგმაზე ვსაუბრობთ. მაგრამ ბუნებრივია, ამ მოკლე ვადაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, რაც შეიძლება, მოხდეს და რისი ბერკეტიც ხელისუფლების ხელშია, ეს პირველ რიგში ნდობას აღადგენს ჩვენს შორის, რათა გავაგრძელოთ ყველა სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. ბუნებრივია, პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალება აქვს ამ ხელისუფლებას, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერები დაპატიმრებული არ იქნებიან. როდესაც თითოეულ ჩვენგანს, ვინც მაგიდასთან ვართ არ გვექნება განცდა, რომ ხვალ და ზეგ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი. ეს პირველი და გადაუდებელი ნაბიჯია. იმედი მაქვს, ეს შეხვედრები ხელისუფლებას იქამდე მიიყვანს, რომ ამ ნაბიჯს გადადგამს და შეიქმნება სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს, შეთანხმებამდე მივიდეთ. ხელისუფლებამ უნდა დათმოს და კომპრომისებზე წამოვიდეს. ისევე, როგორც კომპრომისებზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენც, ოპოზიციამაც. ამისთვის ყველა მზადაა.
ჩვენ გვინდა მრავალპარტიული ქვეყანა ავაშენოთ და ამისთვის ამ ექვს პუნქტში არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტები ჩადებული. ეს არის სამომავლოდ პროპორციული სისტემით და ძალიან დაბალი ბარიერით მივაღწიოთ იმას, რომ მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი. ასევე მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც დღემდე არის ძალიან სერიოზული ბარიერი იმისთვის, რომ სამართლიან გარემოში ვიცხოვროთ. არ გვქონდეს ამ ტიპის კრიზისები, რის გამოც მივედით არჩევნების შემდეგ, როდესაც სასამართლოებში არც ერთი საჩივარი არ განხილულა. რამაც ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა შექმნა არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა სამნიძემ.