ხათუნა ლაგაზიძე - „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ წააგო და მიიღო ქუჩა, რომლის შედეგების პროგნოზირებაც შეუძლებელია
ხათუნა ლაგაზიძე - „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ წააგო და მიიღო ქუჩა, რომლის შედეგების პროგნოზირებაც შეუძლებელია

ამ ოცდათხუთმეტმა კაცმა საქართველოს ხელისუფლებას სილა გააწნა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ხათუნა ლაგაზიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სულ რომ არ გვანაღვლებდეს საქართველოს ხელისუფლების იმიჯი, დღეს აშშ-ის ერთ-ერთმა გავლენიანმა კონგრესმენმა გამაოგნებელი შეფასება გააკეთა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ამ პროპორციული არჩევნების დაპირებას რაღაც ფორმით ბოლომდე არ მიიყვანს, ჩავთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლება ამით პუტინს უკეთებს საჩუქარსო. უღირდა ამ 35-მა დეპუტატს თავიანთი თბილი სკამების შენარჩუნება ამ შეფასებად?“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩიხშია შესული და მის ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ისურვებდა.

„არის ორი ვარიანტი – საქართველოს ხელისუფლებამ ეს 35 დეპუტატი უმრავლესობიდან უნდა გარიცხოს, რასაც ისინი უდაოდ იმსახურებენ, რა შემთხვევაშიც უმრავლესობა იშლება და ქვეყანა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში ვარდება ან მეორე შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორებისგან ძალიან მძიმე შეფასებებს ვიღებთ. ასე რომ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უშვებს თუ არა ამ ფაქტორების გათვალისწინებით იმას, რომ შესაძლოა, ეს პროცესი ხელისუფლების დადგმული იყოს და რა ბენეფიტები მიიღო ამით „ქართულმა ოცნებამ“, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ყველაფრით მხოლოდ წააგო და მიიღო ქუჩა, რომლის შედეგების პროგნოზირებაც შეუძლებელია.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, მაჟორიტართა დიდი ნაწილი ყველა ხელისუფლების დროს საკუთარი ინტერესების ლობირებაშია შემჩნეული და დღეს, ეს ყველაფერი ხელისუფლების დადგმულიც რომ იყოს, ისინი ძალიან კარგად სარგებლობენ შექმნილი ვითარებით.

„მათ ყველაზე ნაკლებად იზრუნეს ქვეყანაზე, როცა ამ გადაწყვეტილებას აწერდნენ ხელს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი რეალურად უნდა დადგეს „ქართული ოცნების“ წიაღში“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე აქვს თუ არა ოპოზიციას სერიოზული პრობლემების შექმნის რესურსი საზოგადოებრივი განწყობებიდან გამომდინარე, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ რადგან ხელისუფლების წინააღმდეგ უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდა, ამომრჩეველი ფიქრობს, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა.

„მთავარი ეს კითხვაა, რომელიც ამომრჩევლის თავში, ტვინში და თვალში უკვე გაჩნდა. დანარჩენი უკვე ოპოზიციაზეა დამოკიდებული, ამ კითხვას როგორ გააღვივებს და როგორ მიმართავს. მერე სულ არ არის აუცილებელი, ხალხი მთელი საქართველოდან დაიძრას. პანსიონარული უმრავლესობა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ რუსთაველი გადაივსოს“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, ერთია ხელისუფლების და საარჩევნო კოდექსის ცვლილება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ გადაილახოს ზღვარი, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება.

„ამიტომ, ხელისუფლებამ ზუსტად უნდა განსაზღვროს დრო, როდის უნდა მისცეს სწორი რეაქცია. ოპოზიციის მოთხოვნებისკენ ნაბიჯების გადადგმა დღეს ძალიანაც რომ არ უნდოდეს და ფიქრობდეს, რომ ოპოზიციის მოთხოვნას საზოგადოება არ იზიარებს, თუკი ქვეყანაში არსებობს საფრთხე, რომ დესტაბილიზაცია დაიწყოს და ეს დესტაბილიზაცია გარე მტერმა გამოიყენოს, ხელისუფლებამ ნაბიჯი დროულად უნდა გადადგას“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.