ხატია დეკანოიძე - სასამართლო დარბაზში გავცემ პასუხებს ყველა კითხვას, რომელიც „გავრილოვის ღამის“ მოვლენებზე მოსამართლეს ექნება
ხატია დეკანოიძე - სასამართლო დარბაზში გავცემ პასუხებს ყველა კითხვას, რომელიც „გავრილოვის ღამის“ მოვლენებზე მოსამართლეს ექნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შსს-ს უნდობლობას უცხადებს და 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საგამოძიებო უწყებას სრულ უნდობლობას ვუცხადებ, ვინაიდან გახარია თავად არის პასუხისმგებელი „გავრილოვის ღამის“ მოვლენებზე და ადამიანების დასახიჩრებაზე და ის იძიებს ამ ღამის მოვლენებს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ის დეტალი, რომელიც მას აინტერესებს და ეს არის მაღალი საზოგადოების ინტერესის საქმე. ამიტომ, მივალ სასამართლო დარბაზში და გავცემ პასუხებს ყველა კითხვას, რომელიც ექნება გამოძიებას.

მეც მაინტერესებს, რა კითხვები ექნებათ. ნამდვილად სასაცილო და ირონიულია, როდესაც იმ კადრების შემდეგ, სადაც ყველაფერი ნათელია, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებაზე შედიოდა და პოლიციის კორდონი უნდა გახსნილიყო, ამ მომენტში დაგვიშინეს ტყვიები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შსს-მ ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი დაიბარა გამოკითხვაზე. შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამინისტროში გამოკითხვაზე დღეს არიან დაბარებული. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე.