ხატია დეკანოიძე - გიორგი გახარიას ტყუილები საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ თვალებში ნაცრის შეყრა იყო
ხატია დეკანოიძე - გიორგი გახარიას ტყუილები საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ თვალებში ნაცრის შეყრა იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებებს უტიფარ ტყუილებს უწოდებს.​

დეკანოიძემ გახარიას გუშინდელი ინტერვიუდან მინისტრის რამდენიმე განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ისინი სიმართლეს არ შეესაბამება.

„ტყუილი, რომ გახარიამ ოპოზიციას პასუხისმგებლობა დააკისრა გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. წინა რამდენიმე კვირის განმავლობაში ოპოზიცია ძალიან მკვეთრად და ხმამაღლა ამბობდა, რომ საქართველოში იგეგმებოდა სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ და ასევე ის გავრილოვი, რომელიც იღებდა მონაწილეობას აფხაზეთში საომარ მოქმედებებში. რამდენიმე ბრიფინგი ჩავატარეთ და პირადად მოვუწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ არ დაეშვათ სერგეი გავრილოვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. ტყუილია გახარიას ნათქვამი, რომ სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე გავრილოვის არშემოშვების. ტყუილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინოს მყისიერი რეაგირება აქციის მოთხოვნებთან დაკავშირებით. გახარია ტყუის, როდესაც ამბობს, რომ გადატრიალება იგეგმებოდა“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ასევე არ არის მტკიცებულებები, რომ პოლიციამ გააფრთხილა აქციის მონაწილეები.

„ტყუილია ასევე, რომ ოპოზიციის ნაწილს არ უნდოდა მოლაპარაკებების გამართვა. ჩვენ ვიხილეთ დამადასტურებელი ვიდეომასალა, უწყვეტი კადრები, სადაც ჩანს, რომ ოპოზიციის ლიდერები მზად იყვნენ მოლაპარაკებაზე შესულიყვნენ. სწორედ მაშინ გახსნეს ცეცხლი. ამ აქციის დარბევის დროს დაშავებულია 360-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და 38 ჟურნალისტი. ბევრმა მხედველობა დაკარგა, ხალხს მელიქიშვილზეც დასდევდნენ. მინდა, ვუთხრა გახარიას და შს მინისტრის მოადგილეს, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება, ეს არ არის ასე, როდესაც მშვიდობიან აქციის მონაწილეს დასდევ და ასახიჩრებ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

მისივე თქმით, ტყუილია, როცა ამბობენ, რომ პოლიციის შესახებ კანონში ნარინჯისფერი ტყვიები წერია, როგორც სპეცსაშუალება და ნარინჯისფერი ტყვია არის დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით.

„გახარიამ განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, რომელმაც იძალადა საქართველოს მოქალაქეებზე. სამ კვირაზე მეტი გავიდა და შსს-ს არც ერთ თანამშრომელს არ აქვს ბრალი წარდგენილი, მხოლოდ ერთს შეუჩერდა უფლებამოსილება. მან განაცხადა უტიფარი ტყუილი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო შეიძლება, საკმაოდ დააზარალოს, რომ გავრილოვის ღამეს იგი შენობიდან ელჩებთან ერთად აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას და ძალადობას მოქალაქეებზე. დღეს ჩვენ ვიხილეთ დიპლომატიური კორპუსის განცხადება, რომ იქ არ ყოფილან და ისინი ამბობდნენ, რომ საერთოდ საქართველოშიც არ ყოფილან იმ დღეს“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები საზოგადოების დამცირებაა.

„გუშინ გიორგი გახარიას ტყუილები იყო ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ თვალებში ნაცრის შეყრა და დამცირება, მხოლოდ ის მიზეზი აქვს ამ ტყუილებს, რომ აირიდოს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლის დროც აუცილებლად დადგება“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.