ხაშურში სტადიონის მშენებლობა დასრულდა #1TVSPORT
ხაშურში სტადიონის მშენებლობა დასრულდა #1TVSPORT

„ვფიქრობ, რომ ხაშურის სტადიონი კარგი გამოგვივიდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ხაშურის სტადიონის მშენებარე კომპანიის ხელმძღვანელმა, „გლობალ სტანდარტმშენის“ დირექტორმა დავით ნოზაძემ. მისი თქმით, ხაშურის სტადიონის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია და მალე გაიხსნება.

გასახდელების, საშხაპეების, სამსაჯო და ექიმების ოთახების მოწყობა და მოედნის დაგება, ასევე ტრიბუნების მშენებლობა სამი თვეა დასრულდა, ადმინისტრაციული შენობის ვენტილაციის და გათბობის სისტემების დამონტაჟება დროში გაიწელა და ესეც მალე დამთავრდება. მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის პროცესი დასრულდება და სტადიონს მარტის ბოლოს გახსნიან“, – ამბობს დავით ნოზაძე.

პროექტით გათვალისწინებული იყო სტანდარტული საფეხბურთო მოედნის დაგება, დამხმარე შენობა-ნაგებობების და 2100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის აშენება, განათების სისტემის, ავტოსადგომის, გამწვანების ზოლისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

სტადიონის მშენებლობა ფეხბურთის ფედერაციის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, ერთობლივი ძალებით განხორციელდა.