ხარაზიშვილი და მატიაშვილი ანტალიის გრანდ სლემის მერვედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
თურქეთში, ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ბოლო საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი შეეცდება მედლების მოპოვებას. ტურნირზე ორ-ორი შეხვედრა მოიგეს და მერვედფინალში იჭიდავებენ ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ) და მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი.
შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელი კიდევ ერთი ძიუდოისტი, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) პირველ დაპირისპირებას რამდენიმე წუთში გამართავს.
გრანდ სლემს უკვე გამოეთიშნენ ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) და ომარ საური (100 კგ). შეგახსენებთ, რომ ანტალიაში ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.
2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის აღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.