ხარაიშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა - დვალი დაასვენეს, ზივზივაძე ნაადრევად შეცვალეს [ვიდეო] #1TVSPORT
ხარაიშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა - დვალი დაასვენეს, ზივზივაძე ნაადრევად შეცვალეს [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატში სანაკრებო პაუზის შემდეგ 27-ე ტურის მატჩები გაიმართა. ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარმა“ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით სტუმრად ითამაშა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ფეჰერვარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „კიშვარდასთან“ მატჩში, რომელიც მისი გუნდისთვის უიღბლოდ წარიმართა. 35-ე წუთზე, ზივზივაძის თანაგუნდელმა ატილა ფიოლამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ფეჰერვარმა“ დარჩენილი დრო კაცნაკლულმა ჩაატარა. ამის შემდეგ სტუმართა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იმრე საბიჩმა დაცვის გაძლიერება სცადა და ზივზივაძე შეცვალა. საბოლოოდ, ქართველის გუნდმა ქულა მაინც მოიპოვა 0:0.

გიორგი ხარაიშვილმა კი „ფერენცვაროშში“ სადებიუტო გოლი გაიტანა გასვლაზე „ბუტაფოკთან“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 4:0 მოიგო. ბუდაპეშტელთა მთავარმა მწვრთნელმა სანაკრებო მატჩებში გადაღლილი ლაშა დვალი დაასვენა, ხარაიშვილი კი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა, 90-ე წუთზე კი კარის წინ მცველს გაექცა და თავური დარტყმით უნგრულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:0.

27-ე ტურის შემდეგ „ფერენცვაროში“ 64 ქულით პირველობის ლიდერია, „ფეჰერვარი“ (41) მესამეზეა, ხოლო გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ (35) – მეშვიდე პოზიციაზეა.