ხარაიშვილის შედევრი შვედეთში - ქართველმა კუთხურიდან ჩაახვია [ვიდეო]

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ალვსენსკანში გაიბრწყინა და ეფექტურ გოლთან ერთად, საგოლე გადაცემაც მიითვალა.

22 წლის ქართველი ნახევარმცველის „გიოტებორგმა“ მე-18 ტურში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ოსტერსუნდს“ უმასპინძლა. ანგარიში 21-ე წუთზე ხარაიშვილმა ეფექტურად გახსნა – მან ბურთი კარში კუთხურიდან ჩაახვია.

ქართველის მონაწილეობით გავიდა მეორე გოლიც: ხარაიშვილმა ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ნორვეგიელი ლეგიონერი ვაიება საკორი მცველებს გაექცა და თავურით „გიოტებორგი“ მეორედ დააწინაურა 2:1.

18 ტურის შემდეგ „გიოტებორგმა“ 22 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე დაწინაურდა. ქართველმა ფეხბურთელმა კი 16 შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა.