ხარაიშვილი „ფერენცვაროშში“ გადადის [ვიდეო]
ხარაიშვილი „ფერენცვაროშში“ გადადის [ვიდეო]

უნგრული და შვედური გამოცემების ცნობით, გიორგი ხარაიშვილი შვედურ „გიოტებორგიდან“ უნგრულ „ფერენცვაროშში“, გადადის – ინფორმაციას შვედური გამოცემა expressen-ის ავრცელებს და უნგრული csakfoci.hu ადასტურებს.

„ჩვენი ინფორმაციით, „გიოტებორგი“უნგრულ „ფერენცვაროსთან“ მოლაპარაკებებს ამთავრებს და შესაძლოა, ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდეს, თუ გუნდები გარიგების დეტალებზე საბოლოოდ შეთანხმდებიან. გიორგი ხარაიშვილი ნამდვილი აღმოჩენა გახდა, როდესაც 2018 წლის დასაწყისში, გუნდის მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა, მატს გრენმა ის თბილისის „საბურთალოდან“ აიყვანა. ტრავმის მიუხედავადაც, ნებისმიერ შემთხვევაში, გიორგი ხარაიშვილი „გიოტებორგის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ახლა კი 24 წლის შემტევი ნახევარმცველი კლუბს ტოვებს. ჩვენი ცნობით, „გიოტებორგი“ მის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს უნგრულ „ფერენცვაროსთან“ აწარმოებს. თავად ხარაიშვილი დღეს (პარასკევს) გუნდის ვარჯიშზე არ იმყოფებოდა. უნგრეთში სატრანსფერო „ფანჯარა“კვირა ღამით იხურება და მოთამაშე, შესაძლოა, უახლოეს საათებშიც წარადგინონ, თუკი გუნდები საბოლოოდ შეთანხმდებიან, მაგრამ გარიგების დეტალები ცნობილი არ არის. ჩვენი გამოცემა დაუკავშირდა „გიოტებორგის“ სპორტულ დირექტორს, პონტუს ფარნერუდს, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა“ – წერს expressen.

შესაძლო ტრანსფერზე უნგრულმა csakfoci.hu-მა გამოაქვეყნა წერილი – „შესაძლოა, „ფერენცვაროშის“ თავდასხმა ჩრდილოეთიდან კიდევ უფრო გაძლიერდეს“.

„ჩვენი ცნობით, „გიოტებორგი“ახლოსაა „ფერენცვაროშთან“ შეთანხმებასთან, რომ 24 წლის მემარცხენე გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერი გამოისყიდოს. მოლაპარაკებები უკვე ბოლო ეტაპზეა და ამ ინფორმაციის დადასტურება შესაძლებელია. ხარაიშვილი საქართველოში, „საბურთალოში“ გაიზარდა, შემდეგ დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებში, 2018 წელს კი ის „გიოტებორგმა“ ჯერ ერთწლიანი იჯარით დაიმატა, ერთი წლის შემდეგ კი ტრანსფერი 300 ათას ევროდ გამოისყიდა. Transfermarkt–ი ხარაიშვილის საბაზრო ღირებულებას 600 ათას ევროდ აფასებს“, – წერს უნგრული გამოცემა.

ფერენცვაროში“ უნგრეთის ჩემპიონი და უეფას ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ჯგუფური ეტაპის მონაწილეა. გუნდი წელსაც უნგრეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. ბუდაპეშტის გუნდში საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი თამაშობს, რომელიც კლუბში 2019 წელს ჩაირიცხა.