ხაბულიანი თურქეთიდან დროებით „თელავში“ დაბრუნდა - დუბლებში დარჩენას ეროვნულ ლიგაში თამაში მირჩევნია #1TVSPORT
ხაბულიანი თურქეთიდან დროებით „თელავში“ დაბრუნდა - დუბლებში დარჩენას ეროვნულ ლიგაში თამაში მირჩევნია #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა გიორგი ხაბულიანმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ თურქეთის სუპერლიგის „ადანა დემირსპორი“ დროებით დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

საქმე ისაა, რომ 17 წლის თავდამსხმელი უეფა-სგან სათამაშოდ საგანგებო ლიცენზიას ელოდება, რომელიც არასრულწლოვანს თამაშის უფლებას დართავდა. მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

„იმიტომ წამოვედი, რომ თამაშის უფლება არ მქონდა. კონტრაქტის გასააქტიურებლად, უეფა-ს საგანგებო ლიცენზიას ველოდებოდი, რომელიც არასწრულწლოვნის სათამაშოდ იყო საჭირო. 18 წლის 25 მარტს გავხდები. კონტრაქტის გაფორმებისას ოქტომბერში მითხრეს, რომ ხელშეკრულება 4 თვეში გააქტიურდებოდა და თამაშის უფლებას მივიღებდი. მანამდე კი ასაკის გამო სუპერლიგაში თამაშის უფლება არ მქონდა. მაგრამ უეფა-დან კიდევ გაჩნდა პრობლემები. სანამ ახალი სატრანსფერო ფანჯარა არ გაიხსნებოდა, ვერ ვითამაშებდი – ამის უფლებას მხოლოდ დუბლებში მაძლევდნენ. ამიტომ დროებით იჯარით წამოსვლა ვამჯობინე“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ხაბულიანი.

17 წლის თავდამსხმელის თქმით, ის კარიერას ისევ „თელავში“ გააგრძელებს, სადაც 2021 წელსაც თამაშობდა.

„დუბლებში დარჩენას ეროვნულ ლიგაში თამაში მირჩევნია. დიდი ხანი ვცდილობდით ამ საკითხის მოგვარებას და ახლა ძლივს მოხერხდა. გადაწყდა, რომ ზაფხულამდე განათხოვრებით „თელავში“ დავბრუნდები. იჯარა კი ოთხ თვეზეა გათვლილი“.