ხაბიბის მამა მისი ვაჟისა და ფლოიდ მეივეზერის შესაძლო ორთაბრძოლას გამოეხმაურა
ხაბიბის მამა მისი ვაჟისა და ფლოიდ მეივეზერის შესაძლო ორთაბრძოლას გამოეხმაურა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მებრძოლის, ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა მისი შვილის და ლეგენდარული მოკრივის, ფლოიდ მეივეზერის შესაძლო ორთაბრძოლას გამოეხმაურა. 

ფლოიდ მეივეზერმა თავად გამოთქვა სურვილი, უძლეველ დაღესტნელ მებრძოლს რინგზე შეხვდეს, მაგრამ ორთაბრძოლა კრივის წესებით უნდა გაიმართოს.

უფროსი ნურმაგომედოვი მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა სავსებით რეალურია, თუმცა ხაბიბს კრივში სავარჯიშოდ ცოტა დრო დასჭირდება.

„ფლოიდ… პატივს ვცემ თქვენს სურვილს, ხაბიბს შეებრძოლოთ. ახლა ჩვენ ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი გვაქვს, რადგან UFC-ის ისტორიაში საუკეთესო ორთაბრძოლისთვის ვემზადებით. ჩვენ ამ შეხვედრას თითქმის ერთი წელია ვუცდით. ხუთი თვის შემდეგ ეს ბრძოლა გაიმართება. კრივში ჩვენ პირველად მოგვიწევს ასპარეზობა, ამიტომ აუცილებლად დაგვჭირდება უფროსი ლომაჩენკოს საწვრთნელი ბაზა. რატომაც არა?“ – განაცხადა აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი, კონორ მაკგრეგორი უკვე დაამარცხა. ამ ორთაბრძოლამ მთელ მსოფლიოში უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

კონორ მაკგრეგორი დამარცხებული ჰყავს ხაბიბ ნურმაგომედოვსაც.