ხაბიბი ტონი ფერგიუსონზე - მე მასზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ვარ (ვიდეო)

2020 წლის 18 აპრილს შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ნანატრ ორთაბრძოლას იხილავენ. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) დაუმარცხებელი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონს ბრუკლინის „ბარკლაის ცენტრში” დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია ბრძოლის გამართვას აქამდე 4-ჯერ შეეცადა, თუმცა მებრძოლების მოულოდნელი ტრავმების გამო აღნიშნული დაპირისპირების ჩატარება ვერ მოხერხდა.

დაღესტნელი მებრძოლი ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ხაბიბმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ბუნებრივია ტონი ფერგიუსონთან მოახლოებულ ბრძოლაზეც.

„მე ყოველთვის ჩემს შანსებს სხვა მებრძოლებზე მაღლა ვაყენებ, რადგან ვთვლი, რომ საუკეთესო ვარ. მიმაჩნია რომ მასზე (ტონიზე) უკეთესად ვჭიდაობ და ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ვარ. და მე ჯერჯერობით მარცხი არ განმიცდია, როგორც მას. აქედან გამომდინარე გარკვეული უპირატესობა ჩემს მხარეს არის. მე მისგან განსხვავებით ნოკდაუნში არ ვყოფილვარ. როგორც მახსოვს, ის 7-ჯერ ყოფილა ნოკდაუნში. მას ძალიან ბევრი ხვდება და ჩემგანაც ბევრი მოხვდება. ტონის კი განსაკუთრებულად მძიმედ დავარტყამ. თუმცა, რა თქმა უნდა გააზრებული მაქვს, რომ ის ძალიან სახიფათო მეტოქეა. მას 12 ბრძოლა აქვს ზედიზედ მოგებული და ამის არ დაფასება არ შეიძლება.”