ხაბიბი სექტემბერში საბრძოლველად ემზადება
ხაბიბი სექტემბერში საბრძოლველად ემზადება

შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს ახლა ერთი მთავარი კითხვა აწუხებთ – როდის დაბრუნდება UFC? აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა განაცხადა, რომ UFC იქნება პირველი სპორტის სახეობა, რომელიც სპორტულ სამყაროს დაუბრუნდება.

ფანებმა კვლავ ვერ იხილეს დიდი ხნის ნანატრი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის. აღნიშნული დაპირისპირება უკვე მეხუთედ გადაიდო. დიდი ალბათობით დაღესტნელი ჩემპიონი სექტემბრამდე UFC-ის დაბრუნების შემთხვევაშიც ვერ შეძლებს ბრძოლას.

როგორც ცნობილია, ხაბიბი მორწმუნე მუსულმანია და ის რელიგიურ წესებს მუდმივად იცავს. 23 აპრილიდან 23 მაისამდე ხაბიბს რამადანი ელის. ეს რიტუალი კი მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე საკვებსა და წყალზე უარის თქმას გულისხმობს. ნურმაგომედოვის განცხადებით რამადანის დასრულების შემდეგ მას დაახლოებით 45 დღე სჭირდება იმისათვის, რომ სრული რეაბილიტაცია გაიაროს და სასურველ ფიზიკურ კონდიციაში ჩადგეს.

ხაბიბმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა

„სექტემბერი ხომ არც ისე შორსაა. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ნაკლებად მჯერა, რომ ეს ყველაფერი სექტემბერში დასრულდება, მაინც მზად ვიქნები. ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა, როდესაც მშვიდობაა, მოემზადე ომისთვის“, – წერს ხაბიბი ინსტაგრამზე.