ხაბიბ ნურმაგომედოვი შერეულ ორთაბრძოლებში კარიერის დასრულებას მალე გეგმავს (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი (lightweight) დივიზიონის დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა (28-0) „არ ტი სპორტს” (RT Sport) ვრცელი ინტერვიუ მისცა. დაღესტნელის განცხადებით ტონი ფერგიუსონთან გამარჯვების შემთხვევაში ის სპორტულ კარიერას მალე დაასრულებს. ნურმაგომედობმა არ დააკონკრეტა თუ როდის დაასრულებს ზუსტად კარიერას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პერიოდი შორს არ არის.

დაუმარცხებელი დაღესტნელი 2020 წლის 18 აპრილს ბრუკლინოს „ბარკლაის ცენტრში” ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდება.

„ნამდვილად არ ვიცი, თუ როგორ განვითარდება ჩემი კარიერა ტონისთან ბრძოლის შემდეგ. რა თქმა უნდა ჯერ პენსიაზე გასვლის ზუსტი დრო არ ვიცი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს პერიოდი შორს ნამდვილად არ არის. მე არ მსურს მომავალზე საუბარი. ამჟამად ვიცი, რომ წინ უმნიშვნელოვანესი, შესაძლოა კარიერაში ყველაზე პრინციპული ბრძოლა მელის და საჭიროა რომ ამ დაპირისპირებას სათანადო მომზადები შევხვდე. როდესაც გავმართავ ამ ბრძოლას და ტონის დავამარცხებ აი მერე უკვე ჩემს გუნდთან ერთად მომავალ გეგმებზე ვისაუბრებ და გადავწყვიტავ ყველაფერს. ამჟამად 31 წლის ვარ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, თუმცა მნიშვნელოვანია სპორტიდან დროულად წასვლა“.