ხაბიბ ნურმაგომედოვმა რამდენიმე დღის წინ ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და კარიერა ისტორიული შედეგით დაასრულა. „არწივმა” 29-ე გამარჯვება მოიპოვა და შერეული ორთაბრძოლებიდან დაუმარცხებელი წავიდა.
როგორც გაირკვა, ხაბიბის მთავარი მისია მებრძოლთა საერთო რეიტინგში პირველი ადგილის დაკავება იყო. გეიჯისთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ პრომოუშენმა ნურმაგომედოვის სურვილი აასრულა და P4P რეიტინგში პირველ ადგილზე გადაიყვანა. შეგახსენებთ, რომ აქამდე წლების მანძილზე ეს პოზიცია ჯონ ჯონსს ეკავა, რომელმაც მეორე ადგილზე ჩამოქვეითების შემდეგ პროტესტი და უკმაყოფილება ღიად გამოთქვა. ხაბიბმა კი რუსეთში ჩასვლის შემდეგ RT Sport-თან ასეთი კომენტარი გააკეთა.
„ყველა ჩემს წასვლას განსხვავებულად შეხვდა. რა თქმა უნდა, დანას (ვაითი) სურს, რომ გავაგრძელო ბრძოლა. შემიძლია ფული UFC-ის გარეშეც ვიშოვო. ამჟამად კარიერის პიკში ვარ და მიმაჩნია, რომ ასეთ დროს წასვლა ყველაზე მართებული გადაწყვეტილებაა. ყველას არ აქვს უნარი, რომ ასეთ დროს დაასრულოს კარიერა. საკმარისი გავაკეთე ამ სპორტში იმისათვის, რომ საუკეთესოს ტიტული მერგოს. ამჟამად საერთო რეიტინგის პირველი მებრძოლი ვარ, ასე რომ მისია შესრულებულია. სხვა რაღა დამრჩა მაგ დივიზიონში დასამტკიცებელი?“, – განაცხადა ხაბიბმა.
ხაბიბ ნურმაგომედოვს UFC-ში სულ 13 გამარჯვება აქვს მოპოვებული. მან კარიერის მანძილზე ჩემპიონის ტიტული სულ 3 ჯერ დაიცვა (კონორ მაკგრეგორი, დასტინ პორიე, ჯასტინ გეიჯი).